პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, თავისი საცხოვრებელი ბინის სარდაფში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ დათესა და მოიყვანა დიდი ოდენობით 344,08 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე, რაც სამართალდამცველებმა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ე“ ქვეპუნქტებით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის) და 265 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.