პროკურატურამ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილმა, ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ ადვოკატის მიმართ. ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა, რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე -5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.