Loading data...
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია „მარიხუანა“ და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“.

ამავე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.