პირს, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის ნაწილიც გასაღების მიზნით ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განათავსა, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 14 ივნისს, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურას და სოფელ ორთაბათუმის ტერიტორიაზე განათავსა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.