Loading data...
„ფული, ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები, ასევე, 12 მაჯის საათი მოიპარეს“ - ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს, თბილისში, მალულად შეაღწიეს ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში, საიდანაც ფული, ძვირად ღირებული ოქროს სამკაულები, ასევე, 12 მაჯის საათი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ მაღაზიისთვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში 50 000 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.მ. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.