Loading data...
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის 24 ივლისს სგპ „სარფის“ კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ამავე ქვეყნის მოქალაქე მართავდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ტრანზიტულად, თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით, ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა ხორციელდებოდა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ფარგლებში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება უკან, თურქეთის რესპუბლიკაში დააბრუნეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ კონტროლის ზონაში. მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად თურქეთი იყო მითითებული.

ეჭვის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრებმა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება განახორციელეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად გერმანია და ხორვატია იყო მითითებული.

ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.