1769410703
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. სამართალდამცველები კორპუსების დატოვებას სთხოვენ რამდენიმე ადამიანსაც, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობენ.
Newshub.ge-მ დეტალების დასაზუსტებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
როგორც უწყებაში გვითხრეს, გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მან სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა.
„გაცნობებთ, რომ გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მის საფუძველზე, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქ. ბათუმში მდებარე 16 081 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი, რომლებიც უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.