Loading data...
პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია.

Newshub.ge-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში განაცხადეს, რომ ეს სიცრუეა.
რაც შეეხება ბრალდებულის დედის მოთხოვნას შვილთან შეხვედრის შესახებ, პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს პაემნით სარგებლობა აკრძალული აქვს.

მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, ბოლო პერიოდში დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციისა და მისი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობით მიმართა. შედეგად, ბრალდებულს ერთჯერადად სატელეფონო ზარით სარგებლობის უფლება მიეცა.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია.