Loading data...
პარლამენტთან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებული, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 29 ნოემბერს, ბრალდებულმა თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემას, კაბელებს და საკაბელო ლითონის არხს ცეცხლი წაუკიდა. აღნიშნულმა ქმედებამ 534 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.