ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ნათია თათიაშვილის მოთხოვნა.
პროკურორი მელიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა. არგუმენტად უთითებდა მელიას წინა სისხლის სამართლის საქმეს და გირაოს, რომლის პირობაც პროკურორის აზრით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობით დაირღვა.
მიმალვის საფრთხეზე საუბრისას კი პროკურორი განმარტავდა, რომ მიმალვა მხოლოდ ქვეყნის დატოვებას არ ნიშნავდა, მისი თქმით, უჭირდათ მელიასთან დაკავშირება საქართველოშიც.
მელიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 29 მაისს ჩაინიშნა.