„მეფედრონი”, „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კანაფი“ და „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს - საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის „მეფედრონი”, „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, მცენარე „კანაფი“ და „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.