Loading data...
„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნახევარ კილოგრამზე მეტი, ჯამში - 611 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები და სხმულები აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 137 795 ლარი შეადგინა.

ამავე ცნობით, 3 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 23 677 ლარით დაჯარიმდა.