Loading data...
იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული კ.მ. სამართალდამცველებმა ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ღამით, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. აღნიშნული დანაშაულის შემდგომ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი შ.ყ. გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეაჩერეს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.