Loading data...
გურჯაანში ბოლო ზარის კოლონაში მყოფი მანქანა ტრაილერს შეეჯახა - დაშავებულია 5 პირი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ავარია იმ დროს მოხდა, როცა ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ახაშნის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.