Loading data...
გიორგი სახოკია ყაზახეთის შს სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულსა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოში ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის დელეგაცია ეწვევა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს, სადაც დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნობიან მათ სამუშაო სპეციფიკას.