გეკა გელაძე: ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დავაკავეთ - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდების 34 პირი დააკავა - აღნიშნულის შესახებ შს მინისტრმა გეკა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გელაძის ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „სუბოქსინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“. აგრეთვე, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
„საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას ჩვენ მიერ ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ – გუშინ, გვიან ღამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით მისამართზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი.
დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას; ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში. აქვე დავაზუსტებ, რომ რამდენიმე მათგანი არის მსხვილი ნარკორეალიზატორი.
გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში – ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს: კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია, სავარაუდოდ, იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში.
ჩვენმა თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „სუბოქსინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და სხვა, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გარდა ამისა, პოლიციელების მიერ ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები.
ამ დანაშაულების ჩადენისთვის, მათი დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ მიერ დაკავებული პირები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან. აქვე, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება, რითაც ჩვენ უამრავ მოქალაქეს ვიხსნით ნარკომანიის უმძიმესი სენისგან!“, - განაცხადა გეკა გელაძემ.