Loading data...
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საქართველოს დანიშნულებით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ, აღკვეთილი იქნა 50 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საქართველოს დანიშნულებით შემოტანის მცდელობის ფაქტი. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„მებაჟე ოფიცრების მიერ, შესაბამისი რისკის მოდულების ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, ,,წითელი ხიდის გავლით შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, მარმარილოს ფილებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილის მისაბმელ განყოფილებაში, მარმარილოს ფილებთან მიმსგავსებულ წინასწარ დამზადებულ ნაკეთობებში მალულად იყო განთავსებული.

შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.