ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე არცერთ სასამართლო პროცესს არ დაესწრო.
ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ხოშტარია ამ საქმეს არ თვლის სისხლის სამართლის საქმედ და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან სასამართლოს მიმართა წერილობით და თქვა რომ არ სურს პროცესზე დასწრება, არ აღიარებს სასამართლოს და „ქართული ოცნების“ არცერთ ინსტიტუტს.
სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 187-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.