დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით სრულად აღიჭურვა
დროებითი მოთავსების იზოლატორი დაქტილოსკოპიური სკანერებით სრულად აღიჭურვა – დამატებით 12 სკანერი იზოლატორის ადმინისტრაციას საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა გადასცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
აღნიშნული სკანერების მეშვეობით, მყისიერად ხდება იზოლატორში შეყვანილი პირის დაქტილოსკოპირება და ხელის კვალის ნიმუშების საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არსებულ ერთიან ბაზაში განთავსება.
გარდა ამისა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებმა, ამ მიმართულებით, დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა სრულად გადამზადებაც უზრუნველყვეს.
თითის ანაბეჭდების ბაზების შესაქმნელად და ანაბეჭდების იდენტიფიცირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დანერგილია, ავტომატური საძიებო-საიდენტიფიკაციო სისტემა AFIS «DACTO 2000», რომელიც გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის საშუალებას იძლევა.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.