დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე რვა პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (ფუძე) და „ალფა-პვპ-ს“, „ჰეროინს“, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“ სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია; ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის), 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260 მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაცია), 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო, 15 და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.