დავით კიკნაძე: საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მომავლისთვის ნარკოტიკები არის უდიდესი მტერი, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუნდობელ და უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ნარკორეალიზატორებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუნდობელ და უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ნარკორეალიზატორებს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ.
მისი თქმით, სამართალდამცველები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ ნარკოდამნაშავეების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.
„ბოლო პერიოდში დაკავებულია 18 ნარკოდამნაშავე, საიდანაც ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ასევე, 298 კგ ჰეროინი.
მინდა აღვნიშნო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ნარკოდამნაშავეებთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს საშუალებას, რომ იყოს უფრო ეფექტური და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ნარკორეალიზატორები.
საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მომავლისთვის ნარკოტიკები არის უდიდესი მტერი. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუნდობელ და უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ნარკორეალიზატორებს“, - აღნიშნა დავით კიკნაძემ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ეხება, ბიუროს სხდომაზე ინიციირებულია. საკანონმდებლო ინიციატივების მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას.