დააკავეს პოლიციელი, რომელიც უნებართვოდ, აკრძალულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული თ.ლ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე თ.ლ., მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების – 1988 წელს დაბადებული ლ.კ.-ს და 1989 წელს დაბადებული მ.ე.-ს დახმარებით, რუსთავში, საავტომობილო გზის აკრძალულ მონაკვეთებზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა.
ასევე, დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თ.ლ. სამსახურებრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით მათ არ აწერინებდა სამართალდარღვევის ოქმს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.