Loading data...
„ბრალდებულმა მუხიანში ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა“ - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული გ.წ., ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუხიანში, ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ მიმართ ფიზიკურად იძალადა და ბასრი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.