„ბრალდებულმა გორის ერთ-ერთი სოფლიდან სხვისი მიკროავტობუსი მოიპარა და მიიმალა“ - ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 2001 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან სხვისი კუთვნილი მიკროავტობუსი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გ.ც. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ მოპარული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.