„ბრალდებული თანასკოლელს დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას“ - ქვემო ქართლის პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას. ასევე, დგინდება, რომ აღნიშნულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს
სამკაულები გადასცა.
სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.