ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ძმები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ი. და 1995 წელს დაბადებული ქ.ი. ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბ.ი.-მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი.-ს დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადგინეს, ხოლო ბ.ი. და ქ.ი. ბრალდებულების სახით დააკავეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.