Loading data...
ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომას ჯაფარიძე არ დასწრებია.

ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 5 აპრილს შეუფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ამასთან, დღეს გამოცხადდა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განაჩენიც. ხაზარაძესაც სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.