Loading data...
ალექსანდრე დარახველიძე: თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 34 პირი დააკავეს.

მისივე თქმით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე.

„რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ.

ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა, კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე კვარტა მუხლის პირველი, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 109-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად უზრუნველყოფს, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი!“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.