Loading data...
აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე: ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება

აღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის მორიგების მისაღწევად მედიაციის პროცესი ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც გამოსახლება არაერთხელ გადაიდო.

უწყების ცნობით, მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შესაბამისად, შეთანხმების მიუღწევლობის გამო, 12 ნოემბერს უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ გათავისუფლებისა და იძულებითი აღსრულების ეტაპი დაიგეგმა.

„ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავი ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დიდუბეში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთ კორპუსის სადარბაზოში, ცეცხლი გაუხსნა 60 წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები.