„აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მიმართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის“ - შსს გიორგი გედენიძის დაჯარიმებაზე
„გიორგი გედენიძე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს“, - აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მიმართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის.
„აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მიმართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ასკ-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება“, - აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა.