Loading data...
სულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა ემსახურება სწორედ ქვეყნის ინტერესებს, ქართველი ხალხის ინტერესებს და არ არსებობს გარე ძალა, მით უმეტეს შიდა პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რომელიც შეგვაცვლევინებს ამ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია, ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება

„მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა განცხადებები, კრიტიკა, არაგულწრფელი დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის მხრიდან, თუმცა უნდა ითქვას მთავარი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა და სტაბილურობა. ხელისუფლების პოლიტიკა ემსახურება სწორედ ქვეყნის ინტერესებს, ქართველი ხალხის ინტერესებს და არ არსებობს გარე ძალა, მით უმეტეს შიდა პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა, რომელიც შეგვაცვლევინებს ამ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია, ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე“.

სულხან თამაზაშვილმა, ასევე, ისაუბრა სანქციებზე და აღნიშნა, რომ სანქციები გლობალური პოლიტიკის ჩვეულ ინსტრუმენტად იქცა.

„სანქციები უკვე გლობალური პოლიტიკის ჩვეულ ინსტრუმენტად იქცა და თითქმის არასოდეს არ ემყარება ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას. სანქცია არ უნდა იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი, ადამიანებზე, მით უმეტეს პარტნიორებზე ზეწოლისთვის. არ აქვს ჩემთვის, პირადად, მნიშვნელობა სულხან თამაზაშვილი სანქცირებული იქნება თუ არა.

ჩემთვის მთავარი ის პასუხისმგებლობაა, რაც მაქვს ჩემი მოქალაქეების წინაშე და რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ ამ პრინციპებით სვლას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

სულხან თამაზაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ როცა აქცია, მანიფესტაცია გადადის არეულობისა და ქაოსის ზღვარზე, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღადგინოს საზოგადოებრივი, კონსტიტუციური წესრიგი.

„მთელი წლის განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ცდილობდნენ პოლიტიკური პროცესები გადაეტანათ ქუჩაში, ხელოვნურად ყოფილიყო საზოგადოებაში შიში, ქაოსი. თუმცა მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა აქცია, მანიფესტაცია გადადის არეულობისა და ქაოსის ზღვარზე, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მიიღოს მყისიერი რეაგირება და აღადგინოს საზოგადოებრივი და კონსტიტუციური წესრიგი.

რა თქმა უნდა, არც ერთი დაკავების საფუძველი არ იყო თავისუფალი აზრის გამოხატვა ან პოლიტიკური მრწამსი, დაკავებებს ყოველთვის უძღვის წინ დანაშაულებრივი ქმედება და შესაბამისად ამ ფარგლებში მოქმედებს სახელმწიფო“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.