Loading data...
სულხან თამაზაშვილი: 2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.

„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!

გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ.

2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.