Loading data...
სტიქია თელავში - უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია ავტომანქანები

თელავში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად გვიან ღამით მდინარე თელავის ხევი ადიდდა, რის შედეგადაც კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი დააზიანა. 

სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი.

ქალაქის აღნიშნულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორილია მათი კორპუსების სარდაფები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა.

დილიდან მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეციალური ტექნიკა. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი დიდია, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სალიკვიდაციო სამუშაოებს.

სტიქიის ამსახველ ვიდეოს „თელავის ამბები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.