ქედის მუნიციპალიტეტში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება

ქედის მუნიციპალიტეტში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ქედაში თოვლის საფარი დაბალ ზონაში 1 მ-ს, ხოლო მაღალ ზონაში 2 მ-ს აღწევს.
„მიმდინარეობს ცენტრალური გზისა და სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 15 ერთეული სპეცტექნიკა და ქედის „კომუნალურსერვისის“ 1 ერთეული ტექნიკაა ჩართული. ასევე, ინტენსიურად იწმინდება დაბის ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები და ქუჩები.
მუნიციპალიტეტში შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები მობილიზებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
მერიაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31“, - ნათქვამია ქედის მერიის ინფორმაციაში.