Loading data...
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: ხელვაჩაურში წყლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მომდევნო წლებში ყველა სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე მოსახლეობასთან წინა საარჩევნო შეხვედრების დროს განვლილ ოთხ წელს აჯამებს და ადგილობრივებს უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრება.

„ხელვაჩაურში წყლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მომდევნო წლებში ყველა სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე მოწესრიგებულია 11 თემის ცენტრალური სივრცე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ზაზა დიასამიძის მერობის პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები - აშენდა და რეაბილიტირდა 10 საბავშვო ბაღი, 4 სკოლა და 12 საფეხბურთო მოედანი; მოეწყო 6 ადმინისტრაციული ცენტრი და 25 სკვერი; საგრძნობლად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო პოლიტიკა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკომიგრანტების საცხოვრებელ პირობებს. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 3 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 325 ოჯახი თანამედროვე, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს.