ქალაქ თეთრიწყაროში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით ქალაქ თეთრიწყაროში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა.
აქციის მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია შიდსის და ჰიპერტენზიის მიმართულებით, ასევე, ესარგებლათ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით.
სკრინინგის პროცესს სამედიცინო მხარდაჭერას თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრის მედპერსონალი უწევდა.
აღნიშნულ ფართომასშტაბიან კამპანიას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით მარტიდან ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
16 მარტიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 154 სკრინინგ აქცია ჩატარდა, აქედან ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდა 10 ათასამდე ბენეფიციარს, ხოლო ამ აქციებზე ჩატარებული ყველა სახეობის სკრინინგის ჯამური რაოდენობა 50 ათასს აღემატება.
აქციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღონია, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ კიღურაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ადამია, ცენტრის თანამშრომლები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.