გორში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზებულ პირებთან რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რეგიონული შეხვედრების მორიგი ეტაპი ქალაქ გორში გაიმართა, სადაც სააგენტოს სპეციალისტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტები, სამედიცინო დასხივების ოპტიმიზაციის პრინციპები, პერსონალისა და პაციენტების რადიაციული დაცვის საკითხები, ასევე ავტორიზაციის პირობებთან დაკავშირებული პრაქტიკული მოთხოვნები.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სააგენტოსა და ავტორიზებულ პირებს შორის ეფექტიან კომუნიკაციაზე. მონაწილეებს განემარტათ, რომ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების, რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მიღების მიზნით, მათ შეუძლიათ შუამავლის გარეშე, პირდაპირ მიმართონ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს.
რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. აღნიშნულის მიზანია რადიაციული უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება, მოქმედი რეგულაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ავტორიზებულ პირებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ქვეყანაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ავტორიზაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ესვანჯია, ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დეკანოიძე, ასევე მოწვეული ექსპერტები – მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა არაბიძე და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი ირაკლი თორთლაძე.