Loading data...
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თსუს ქუთაისის პროფესიული განათლების ცენტრის რეაბილიტაციას 1 მილიონ 300 ათასი ლარით დააფინანსებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრა, სადაც სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მათ ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვა.

მინისტრმა თსუს რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ცენტრს 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გადაეცემა.

გივი მიქანაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ⁠ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების უზრუნველყოფაზე.

2025 წელს თსუს პროფესიულ პროგრამებზე თბილისისა და ქუთაისის ცენტრებში, ჯამში 18 პროგრამაზე 500-მდე სტუდენტმა დაიწყო სწავლა. მათ შორის, ქუთაისში 260 სტუდენტი ისწავლის. 2025 წელს თსუს პროფესიული განათლების ცენტრმა მიღება გამოაცხადა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, საექთნო განათლება, Front-End დეველოპმენტი, ტვირთების ექსპედირება, საწყობის ოპერირება და ღონისძიების ორგანიზება.

თსუს პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ 2025 წლის მიღებაზე 2 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

თსუში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.