დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების გაშენების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფერმერებს შეხვდა და ქარსაფარი ზოლების გაშენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დეტალები გააცნო. ადგილობრივი ფერმერებისთვის, რომელთა სასოფლო-სამეურნეო მიწები ქარსაფარი ზოლების დაცვის არეალში მდებარეობს, ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენება მნიშვნელოვანია როგორც ნიადაგის დაცვის, ისე მეურნეობების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
სამუშაო შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ესწრებოდა.
მხარეებმა ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების პროექტის დედოფლისწყაროში განხორციელების შესაძლებლობები შეაფასეს. გიორგი მიშელაძემ ფერმერებს გააცნო ქარსაფრების გაშენების ეტაპები, რომელიც მოიცავს ქარსაფარი ზოლების პროექტირებას, მერქნიანი მცენარეების დარგვასა და ხუთი წლის მანძილზე ნარგავების მოვლას. პროექტირება ხორციელდება თითოეული ნაკვეთისთვის ინდივიდუალურად, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული ლანდშაფტის, არსებული კულტურებისა და კლიმატური პირობების შესაბამისი ქარსაფარი ზოლის ტიპი და მერქნიანი მცენარეების ჯიშები.
ფერმერებმა მოსაზრებები გამოთქვეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში მათი ჩართულობის ფორმებზე, ახალი ნარგავების და შემდგომ ზრდასრული ხეების გაფრთხილება-შენარჩუნების მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ პირუტყვის მიერ უკონტროლო ძოვებითა და ხანძრებით ნარგავების განადგურების აღსაკვეთად აუცილებელია ქარსაფარი ზოლების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქარსაფარი ზოლის უწყვეტ ხაზად გაშენების მნიშვნელობას, რაც ზრდის სისტემის ეფექტიანობას. განიხილეს რამდენიმე ქარსაფარი ზოლის მდებარეობა, რათა აღდგენა/გაშენების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთების განლაგებამ ეს პრინციპი უზრუნველყოს.
დედოფლისწყარო ქარის სიძლიერის მიხედვით პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს. ინვენტარიზებული და სტატუსმინიჭებული ქარსაფარი ზოლების საერთო ფართობი 1295.48 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია, სწორედ ამიტომ ნიადაგის დასაცავად და ნაყოფიერების შესანარჩუნებლად აუცილებელია შესაბამისი ნაბიჯების დროულად გადადგმა, რათა სამომავლოდ მუნიციპალიტეტში ქარისმიერი ეროზიის უარყოფითი გავლენა შემცირდეს.