ბურსაში „ჩვენებურების“ ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბურსაში, ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის - „ჩვენებურების“ გალა-კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში.
„დღეს ტრადიციებისა და კულტურის ნამდვილი ზეიმი ვიხილეთ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებისთვის. ფესტივალი „ჩვენებურები“ უკვე 26 წელია იმართება და წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ქართულ-თურქულ ურთიერთობებს.
მინდა მადლობა ვუთხრა „ჩვენებურების“ სამივე თაობას. დღეს გამოიკვეთა ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებული როლი - ახალგაზრდების, რომლებიც მონდომებით სწავლობენ ქართულ ენას, კულტურასა და ტრადიციებს და ამით თაობიდან თაობას გადასცემენ იმ ძვირფას კავშირს, რომელიც ჩვენს ხალხებს აერთიანებს“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“ მარმარას კავკასიურ-ქართულ ასოციაციათა ფედერაციის ორგანიზებით 2001 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. გალა-კონცერტში აჭარის სახელმწიფო ანსამბლი „არსიანი“ და ბათუმის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, ასევე, ფოლკლორული ანსამბლი „რირაში“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩვენებურები“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის და მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.