ანაკლიაში საზღვაო სეზონი გაიხსნა
ანაკლიაში საზღაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
სეზონის გახსნის ღონისძიების პირველი დღე ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტით და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდა. ადგილზე მოწყობილი იყო საფესტივალო ქალაქი. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა ტურნირები.
ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, ზუგდიდის მერი დავით კოდუა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.
საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებები ანაკლიაში დღესაც გრძელდება, საღამოს კი დუეტ „ჯორჯიას“ და ლინდა ადამიას კონცერტი დახურავს.
ღონისძიებები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და DMO სამეგრელოს ორგანიზებით გაიმართა.
ანაკლია წელს სხვადასხვა ფესტივალებს უმასპინძლებს.