ახლადრეაბილიტირებული გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლ „თოვლის დედოფლის“ პრემიერით გაიხსნა
ახლადრეაბილიტირებული გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლ „თოვლის დედოფლის“ პრემიერით გაიხსნა.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს დასრულდა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი - კეთილმოეწყო თეატრის პარტერი; ნაწილობრივ შეიცვალა სასცენო განათება და პარტერში განახლდა იატაკის საფარი; შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა; მოწესრიგდა სველი წერტილები; კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა თეატრის 2 სართულზე. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
თეატრის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორი ნიკოლოზ საბაშვილი ესწრებოდნენ.
თეატრში ეტაპობრივი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლიდან მიმდინარეობს. სამი სეზონის განმავლობაში თეატრი გასვლით წარმოდგენებს მართავდა, 2026 წლიდან კი გურჯაანის თოჯინების თეატრი მაყურებელს განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს.
„მინდა, გურჯაანელებს მივულოცო თოჯინების თეატრის შენობის აღდგენა. ეს არის მცირედი, რაც ამ ეტაპზე შევძელით. დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. დიდი გეგმები გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში გურჯაანში უფრო მეტი სახელოვნებო სივრცე გაჩნდება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
გურჯაანის თოჯინების თეატრი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაშია.