Loading data...
აჭარის საავტომობილო გზები: ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

„ორდღიანი თოვის შემდეგ მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა.

მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი ყველა გზა გაწმენდილია და სატრანსპორტო საშუალებებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად გადაადგილდნენ.

ამ ეტაპზე თოვლის საფარისგან იწმინდება შიდა სასოფლო საავტომობილო გზები.

აღნიშნულ სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 50-მდე სპეციალური ტექნიკაა ჩართული.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.