აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის რეკომენდაციით ფინანსურ დახმარებას ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, ასევე ეკომიგრანტების დახმარება აჭარის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2025 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.