ზვიად შალამბერიძე: სისტემურ დანაშაულებს, რომლებიც 2004-იდან 2012 წლის ჩათვლით ხდებოდა, ეს ადამიანები უწოდებენ გადაცდომებს, ეს იყო სისტემური დანაშაული, რაზეც დღეს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწევს პასუხის გაცემა
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვასა და მმართველი გუნდის არგუმენტებს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2004-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ ქმედებებს, რომელთაც სტრასბურგის სასამართლომ სისტემური დანაშაულები უწოდა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე „გადაცდომებად“ აფასებენ.
„იმ სისტემურ დანაშაულებს, რომლებიც 2004-იდან 2012 წლის ჩათვლით ხდებოდა, ეს ადამიანები უწოდებენ გადაცდომებს. ანუ გადაცდომები ყოფილა ის გახმაურებული საქმეები, რომლებიც სტრასბურგში იგზავნებოდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ იმ წლებში ასეთი 227 საქმე იყო, რომლებზეც სტრასბურგმა დაადგინა, რომ ეს იყო სისტემატურად განხორციელებული დანაშაულები. ამ დანაშაულებსა და მათ დაფარვაში ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო. ვიცით არაერთი მაგალითი, როდესაც თითქოს დაიჭირეს მხილებული პირები, თუმცა რამდენიმე თვის თავზე ისინი გამოუშვეს.
ვიცით ისეთი საქმეებიც, სადაც ბრალდება შეთითხნეს, ზოგს აგენტობა დააბრალეს, ზოგს ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედება და ა.შ., მათ შორის „ფოტოგრაფების საქმე“. რეალურად, მთლიანი სისტემა მუშაობდა იმაზე, რომ ჯერ შეექმნათ გარკვეული დანაშაულები, რომლებიც იმ მომენტში სჭირდებოდათ, ხოლო შემდეგ ყველა სტრუქტურა ამ დანაშაულების მიჩქმალვასა და დაფარვას ცდილობდა.
დღეს კი ამბობენ, თურმე ეს ყოფილა გადაცდომა. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას - ეს ჩვენ კი არ შეგვირაცხია სისტემურ დანაშაულად, არამედ პირველად სტრასბურგის სასამართლომ უწოდა. ეს იყო ნამდვილად სისტემური დანაშაული, რაზეც დღეს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწევს პასუხის გაცემა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.