ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება
„ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „ფარას“ კანონზე საუბრისას.
იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აღნიშნული კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივას გამოეხმაურა. შალამბერიძის თქმით, მსოფლიოში დღეს არაერთი სახელმწიფოა, რომელიც „ფარას“ მსგავსი კანონმდებლობით საკუთარ სუვერენიტეტს იცავს.
ამასთან, შალამბერიძემ ისაუბრა კიდევ ერთ საკითხზე. კერძოდ, რაც ხდება აშშ-ში აღნიშნული კუთხით, საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებს თუ რამდენად გააძლიერებს ევროკავშირთან ურთიერთობაში.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რა რეზოლუციებსაც იღებს ევროპარლამენტი, ევროსაბჭო ან ევროკომისია, ხშირ შემთხვევაში ეს წინა რეზოლუციებიდან „დაკოპირებული აბზაცებია“.
„ატრიალებენ ურცხვად ამ ყველაფერს. ყველაზე არაპოპულარული დღევანდელ დღეს ქართული ოპოზიციისთვის არის მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. დღევანდელ დღესაც ევროპარლამენტარები, იუკნევიჩიანე იქნება თუ სხვები, ამ არაპოპულარულ ნაწილსაც ურთავენ ამ დეკლარაციებს. ეს ამ დეკლარაციებს არასერიოზულობას სძენს. მათ რომ ფაქტებზე დაყრდნობით რაღაც რეზოლუციები მიიღონ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ და შევასრულებთ. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკური ნაწილითაა გაჯერებული და სხვა რამეს არ შეიცავს, რა თქმა უნდა, ეს იქნება განმეორებით. ჩვენ ველოდებით, რომ მომავალშიც იყოს მსგავსი შინაარსის რეზოლუციები, მაგრამ დიდხანს ეს არ გაგრძელდება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.