Loading data...
ზვიად შალამბერიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ წინა მთავრობის დროს, ადამიანთა სიცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა

მმართველი გუნდის დეპუტატის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ღირს არც ერთ მილიარდად და არც ტრილიონად და სამწუხაროა, რომ წინა მთავრობის დროს, ადამიანთა სიცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა.

„სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები სწორედ იყვნენ 2003-დან 2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის მმართველობის სადავეებში. ჩვენ არაერთი დადასტურებული ფაქტი გვაქვს იმისა, თუ რა ღირდა ამ პერიოდში ადამიანის სიცოცხლე მათთვის და არაერთი საქმეა აღძრული ამ საკითხზე. ასევე, სამწუხაროა ის, რომ ეს რიტორიკა გრძელდება.

ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაცია, რომლითაც ცდილობენ, რაღაც გავლენა მოახდინონ საქართველოს საზოგადოებაზე და ჩვენს მოსახლეობაზე, რომ თითქოს ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა და ძალიან მკაცრად იცავს მშვიდობიანი პოლიტიკის სახით, იყო მცდარი და დღევანდელ დღეს ამას ამართლებს იმით, თითქოს მილიარდები და ტრილიონები შეიძლებოდა შემოსულიყო საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჩაერთვებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი არ ღირს არც ერთ მილიარდად და არც ტრილიონად.

სამწუხაროა, რომ წინა მთავრობის დროს, ადამიანთა სიცოცხლე სწორედ ფინანსურად იზომებოდა“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.