ზვიად შალამბერიძე ღარიბაშვილის მორიგ წერილზე: ნებისმიერი განცხადება აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და არგუმენტებით
სიცრუე და დეგრადაცია, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ღარიბაშვილმა სუიციდის დადასტურებულ ფაქტზე კონსპირაციული თეორიები ააგო, რასაც, მალევე, კოორდინირებულად, მხარი აუბა ოპოზიციამ.
სოციალურ ქსელში სტატუსები გამოაქვეყნეს ნიკა გვარამიამ, ხატია დეკანოიძემ, ნინო ლომჯარიამ და ოპოზიციის სხვა მხარდამჭერებმა, რომლებსაც მსჯავრდებული ღარიბაშვილის განცხადებებში ეჭვი არ შეაქვთ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობასთან“ შეთანხმებულად ცდილობს გუნდის დისკრედიტაციას, თუმცა მათი თქმით, არასერიოზული და დეზინფორმაციული კამპანიით ვერ გადაფარავს საკუთარ კორუფციულ მოქმედებებს და დანაშაულებს, რომლებიც თავადაც აღიარებული აქვს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს არგუმენტებით გამყარებული.
„ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება გაჟღერებული, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი გუნდის წევრი იქნება თუ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტებით და არგუმენტებით.
დღეს ვხედავთ, რომ განცხადება, რომელიც ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული არ იყო, როგორ აიტაცეს ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებმა და გამოიყენეს სწორედ ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ. და იმ ფონზე, როდესაც ამ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც იყო ჩვენი გუნდის ლიდერი, რა თქმა უნდა, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები არ გახდეს ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი.
ის ფაქტი, რომ რაღაც გარკვეულ გაზეთში თუ ჟურნალში იყო რაღაც სტატია მოყვანილი, ნამდვილად არ არის სერიოზული. მე ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც პირდაპირ ამ შემთხვევაში აზიანებს ჩვენს გუნდს და მსგავსი წერილები მისგან აღარ იქნება გამოქვეყნებული“, - აცხადებს შალამბერიძე.