Loading data...
ზვიად შალამბერიძე: ჩვენი სურვილია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი საქართველოში

„ჩვენი სურვილია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი საქართველოში, რათა ისეთი ოპოზიციური პარტიების ადგილას, რომელთა დღის წესრიგი არ არის მათი ამომრჩევლის ინტერესის გატარება პარლამენტში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ან საკრებულოებში, შემოვიდნენ ისეთი პარტიები, რომელთა დღის წესრიგიც იქნება ამომრჩევლის ინტერესის დაცვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, დესტრუქციული ქმედებები ქვეყანას აზიანებს და მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პროცესი ცივილიზებულად წარიმართოს.

„პოლიტიკურ ველზე უნდა შემოვიდეს ისეთი პარტიები, რომელთა დღის წესრიგიც იქნება ამომრჩევლის ინტერესების დაცვა, რომელიც მათ მისცემს ხმას, შევა პარლამენტში, იქ გააგრძელებს პოლემიკას და ცივილიზებულად წაიყვანს პროცესს.

ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორ უმცირდებათ მათ ამომრჩევლების რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე. რეალურად, ამომრჩეველიც ხედავს, რომ ეს ადამიანები დაკავებულნი არიან პირადი ინტერესებით, მათთვის სახელმწიფო ინტერესები უკან პლანზეა გადაწეული. აქედან გამომდინარე, მათი ამომრჩევლის რაოდენობა მცირდება.

კი განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თითქოს, ახალგაზრდებს წამოსწევენ წინა პლანზე, ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები პოლიტიკურ ველზე და ჩაანაცვლებენ იმ ძველ პოლიტიკოსებს, რომელთა გამოჩენა უკვე სირცხვილია, არ არის პოპულარული მათთვის და ქულების მომტანი... მაგრამ ამ ახალგაზრდებსაც ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ იმ წიაღში, რომელშიც აღმოცენდა [„ნაცმოძრაობა“] და ვერ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან, ვერ აღმოცენდება რაიმე ჯანსაღი ახალგაზრდული მოძრაობა“, - აღნიშნა შალამბერიძემ.