Loading data...
ზვიად შალამბერიძე: ჩვენი პრიორიტეტია ევროპასთან და შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შედეგსაც მივაღწევთ

„ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შედეგსაც მივაღწევთ“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მაღალი რანგის ვიზიტები მეტყველებს იმაზე, რომ მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტები არ შეცვლილა.

„ბოლო პერიოდში, არაერთი მაღალი დონის ვიზიტი ვნახეთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახლა უკვე არის ჩვენი ლიდერები ვიზიტები ევროპის მიმართულებით.

წინა გამომსვლელმა განაცხადა, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ ევროპასთან მოლაპარაკებები და ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობაც ჩვენ გავწყვიტეთ, როდესაც პირველი ნაბიჯი მათი მხრიდან იყო გადადგმული, ეს ყველამ იცის, საზოგადოებას ამით ვერ შეიყვანენ შეცდომაში.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცეოდა და იქცევა დღეს ჩვენ მიმართ ევრო ბიუროკრატია, ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, როდესაც ევროპა გადაწყვეტს, დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი, ჩვენი ეს სურვილი არსად არ წასულა. ყოველთვის ვამბობდით, რომ 2028 წელს გადავდგამთ ნაბიჯს, რაზეც ვთქვით უარი, და ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა ტრიოში, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თვალსაზრისით, ვიდრე ყველა სხვა კანდიდატი ქვეყანა.

ეს ნაბიჯები იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტები არ შეცვლილა - ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რაშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შედეგსაც მივაღწევთ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.